9.11.2023

ვარდისფერი ლენტი

„საავადმყოფოში ვიწექი, ვფიქრობდი ყველა იმ ქალზე, რომლებიც ჩემ გამო კიბოს გამოკვლევებზე მიდიოდნენ, უფრო ნათლად ვაცნობიერებდი ქალის ძალას თეთრ სახლში. არა ჩემი ძალა, არამედ პოზიციის ძალა, ძალა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ დასახმარებლად“,- ბეტი ფორდის ამ სიტყვებმა უნებურად გასცა პასუხი წინა ბლოგში დასმულ შეკითხვას-“სად გვსურს საკუთარი სიტყვის თქმა ქალებს?”

ვარდისფერი ლენტი
5 წუთი წასაკითხად

ავტორის შესახებ

გამარჯობა, მე ანი ვარ, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. მიყვარს წერა, წერა ყველაფრის შესახებ. ცოტაოდენი რომანტიზმი, რომელიც მახასიათებს, უფრო მძაფრად დამანახებს ხოლმე არსებულ რეალობას და დიდი ხნის ძიების შემდეგ მაპოვნინებს სწორ სიტყვებს, რომლებიც ზუსტად და ყველაზე კარგად აღწერს ჩემი თვალით ნანახს, გადმოცემულს  თუ გაგონილს. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც ქალისთვის, პოტენციური იურისტისა  და სტუდენტისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება ვწერო ისეთ თემაზე, როგორიც ჩვენი, ქალების უფლებებია. ვიმედოვნებ, ჩემში არსებული ენთუზიაზმი შემაძლებინებს, თქვენამდე, მკითხველამდე, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, სწორედ მოვიტანო სათქმელი, თუ რა სახით ვლინდება სხვადასხვა დროსა და ვითარებაში გენდერული უთანასწორობა და მაპოვნინებს პასუხებსა და მეტიც, გზას თუ როგორ დავუპირისპირდეთ ისტორიულ დისკრიმინაციას.

ვარდისფერი  ლენტი

„საავადმყოფოში ვიწექი, ვფიქრობდი ყველა იმ ქალზე, რომლებიც ჩემ გამო კიბოს გამოკვლევებზე მიდიოდნენ, უფრო ნათლად ვაცნობიერებდი ქალის ძალას თეთრ სახლში. არა ჩემი ძალა, არამედ  პოზიციის ძალა, ძალა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ დასახმარებლად“,- ბეტი ფორდის1  ამ სიტყვებმა  უნებურად  გასცა პასუხი წინა ბლოგში დასმულ შეკითხვას-“სად გვსურს საკუთარი სიტყვის თქმა ქალებს?”,-რამაც ავტომატურად პასუხგაუცემელი არ დატოვა კითხვები-რატომ და რისთვის/ვისთვის უნდა ვთქვათ საკუთარი სიტყვა ქალებმა. მინდა დღევანდელი დღის თემაც ყველა ქალთან ერთად ბეტი ფორდს მივუძღვნა, რადგან, რომ არა ის ,დღეს, 21-ე საუკუნეში, ორი სიტყვა „მკერდი“ და „კიბო“ ჯერ კიდევ „იჩურჩულებდა“.

 ამბის თხრობას 1970-იანი წლების ამერიკიდან დავიწყებ, როცა კიბოს დიაგნოზზე არავინ საუბრობდა, მაგრამ 1974 წელს პირველ ლედად შტატებს მოევლინა ელისაბეთ ფორდი, გამიზნულად მეუღლის, პრეზიდენტ ჯერარდ ფორდის, გვერდის ავლით მინდა, გესაუბროთ ბეტიზე, ქალზე, რომელმაც თავისი პოზიცია აქცია ტრიბუნად, შექმნა პრეცენდენტი და ასე ღრმად ისაუბრა პირადულზე. რუტინული სამედიცინო გამოკვლევების დროს მას ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, სწორედ ამ დროს, საკუთარი მაგალითით ყველასთვის ნაცნობი, ახლო, მაგრამ ტაბუდადებული თემა მან ღია და საჯარო გახადა, მისმა გახსნილობამ კი შედეგი გამოიღო.1975 წელს ერთ-ერთი კიბოს ცენტრის გახსნით ცერემონიაზე ფორდმა თქვა: ,,ჩემს ავადმყოფობას განსაკუთრებული მიზანი ჰქონდა -სხვა სიცოცხლის გადარჩენაში წვლილის შეტანა და მადლობელი ვარ იმისთვის, რის გაკეთებაც შევძელი“. მართლაც, ტრადიციული დუმილის დასასრულის დასაწყისში საკუთარი სიტყვა თქვა ბეტიმ, რომელმაც ბევრ ქალს უბიძგა, რომ შეემოწმებინათ საკუთარი ჯანმრთელობა და გულწრფელად ესაუბრათ კიბოს ემოციურ გვერდით ეფექტებზე.

რამდენად აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს, ჩვენ, ქალებს, ისე გვეშინია ძუძუს კიბოს, რომ საფრთხეს ვუქმნით ჯანმრთელობას, თითქოს ყველა ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება ,რომლებიც მხრებზე გვაწევს მთელი დღის, თვის, წლის განმავლობაში, 1 საათსაც აღარ გვიტოვებს ჩვენი თავისთვის. გვჯერა, რომ კიბო არასდროს მოგვადგება კარს, მაგრამ იქვე ქვეცნობიერში გვჭამს დაგვიანებული შედეგის შიში.

ისევ წარსულს რომ დავუბრუნდეთ, მინდა გიამბოთ ვარდისფერზე-იმედისა და ჯანმრთელობის სიმბოლოზე, რომელიც ჩემთვის შარლოტა ჰეილთან ასოცირდება,1990-იან წლებში ერთ-ერთ გადარჩენილ პაციენტთან, რომელმაც პირველმა დაიწყო ცნობიერების ამაღლება ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ. ის გახლდათ ქალი ატმისფერი ლენტებით და  საინფორმაციო ბარათებით ნიუ-იორკის ქუჩებში. მას წინ უსწრებდა  Susan G.komen2 -ის ძუძუს კიბოს ფონდი, რომელმაც პირველმა გამოიყენა ვარდისფერი ფერი, როგორც სიმბოლო ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. დღითიდღე მეტი სამედიცინო ორგანიზაცია თუ ბრენდი ერთვებოდა კამპანიაში დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენისა და მისი დამარცხების აუცილებლობის შესახებ. ჯერ კიდევ 1992 წელს სწორედ შარლოტა ჰეილისთან თანამშრობლობით  Estee Lauder3-მა  შექმნა ვარდისფერი ლენტი, დაარსა არაკომერციული ორგანიზაცია, რათა მოეძია დაფინანსება მხოლოდ ძუძუს კიბოს კვლევისთვის.

ჩემს მკითხველთა შორის აუცილებლად იქნებით „ჰარი პოტერით“ შეპყრობილნი, რომელთაგანაც ცოტას თუ გეცოდინებათ, რომ მთელ საგაში ცენტრალური ფიგურის, ჯადოქარი მინერვა მაკგონაგალის როლის შემსრულებელი ინგლისელი მსახიობი მეგი სმიტი წიგნის ეკრანიზაციაზე მუშაობის დროს ებრძოდა ძუძუს კიბოს, დადიოდა გადაღებებიდან ქიმიოთერაპიაზე და -პირიქით.

მე გიამბეთ ქალებზე, რომლებმაც იბრძოლეს საკუთარი თავისთვის, იბრძოლეს ახლობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ჩვენთვის. მეგი სმიტი, ბეტი ფორდი თუ შარლოტა ჰეილი წარმოადგენენ ათასობით ქალს, რომლებსაც სტანჯავთ ძუძუს კიბო და ამ ტკივილთან ერთად დუმილი. გასულმა ოქტომბერმა4 კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი ჯანმრთელობის მნიშვნელობა, რომელზედაც არა მხოლოდ წელიწადის რომელიმე ცალკეულ დროს უნდა ვიზრუნოთ, არამედ ყოველთვის, არის ამის აუცილებელი საჭიროება თუ არა. 

გვიყვარდეს ქალებს საკუთარი თავი, ყველაფერი გავაკეთოთ დაავადების პრევენციისთვის და ფაქტის წინაშე პირისპირ აღმოჩენის შემთხვევაში ვიბრძოლოთ განკურნებისთვის.

გჯეროდეთ ვარდისფერის-იმედისა და ჯანმრთელობის არსებობის!

 

  1. ბეტი ფორდი-ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 38-ე პრეზიდენტის-ჯერალდ ფორდის მეუღლე.
  2. Susan G. Komen-ძუძუს კიბოს ფონდი, რომლის მისიაა სიცოცხლის გადარჩენა საზოგადოებაში ყველაზე კრიტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებითა და ძუძუს კიბოს პრევენციისა და განკურნების მიზნით მიღწეულ კვლევებში ინვესტიციით.
  3. Estee Lauder-სუნამოებისა და თავის მოვლის საშუალებების მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი.
  4. ვარდისფერი ოქტომბერი-ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე.