6.10.2023

სად გვსურს საკუთარი სიტყვის თქმა ქალებს?

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ოთხი კედელი იქცეოდა ჩემთვის ფემინიზმის მანიფესტად, მაგრამ, სწორედ ქალებისთვის ერთ დროს მიუწვდომელი სივრციდან, საკუთარი ოთახიდან, მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც რამდენიმე ასეული წლის წინ დაიწყო და მემატიანე დღესაც აგრძელებს ამბის თხრობას.

სად გვსურს საკუთარი სიტყვის თქმა ქალებს?
15 წუთი წასაკითხად

ავტორის შესახებ



გამარჯობა, მე ანი ვარ, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. მიყვარს წერა, წერა ყველაფრის შესახებ. ცოტაოდენი რომანტიზმი, რომელიც მახასიათებს, უფრო მძაფრად დამანახებს ხოლმე არსებულ რეალობას და დიდი ხნის ძიების შემდეგ მაპოვნინებს სწორ სიტყვებს, რომლებიც ზუსტად და ყველაზე კარგად აღწერს ჩემი თვალით ნანახს, გადმოცემულს  თუ გაგონილს. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც ქალისთვის, პოტენციური იურისტისა  და სტუდენტისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება ვწერო ისეთ თემაზე, როგორიც ჩვენი, ქალების უფლებებია. ვიმედოვნებ, ჩემში არსებული ენთუზიაზმი შემაძლებინებს, თქვენამდე, მკითხველამდე, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, სწორედ მოვიტანო სათქმელი, თუ რა სახით ვლინდება სხვადასხვა დროსა და ვითარებაში გენდერული უთანასწორობა და მაპოვნინებს პასუხებსა და მეტიც, გზას თუ როგორ დავუპირისპირდეთ ისტორიულ დისკრიმინაციას.

 

სად გვსურს საკუთარი სიტყვის თქმა ქალებს?

„ქალებო, გაიღვიძეთ...აღმოაჩინეთ თქვენი უფლებები. ბუნების ძლევამოსილი იმპერია უკვე აღარ არის გარემოცული ცრურწმენებით, ფანატიზმით, განსჯამდელი შეხედულებებითა და სიცრუით...“,-ამ სიტყვებით მიმართავდა ფრანგი აქტივისტი ოლიმპია დე გუჟი  ყველა ქალს მსოფლიოს მასშტაბით და ,ალბათ,მე-18 საუკუნეში მას არც წარმოედგინა, რომ 21-ე საუკუნის დედამიწაზეც ადამიანს მოუწევდა ბრძოლა სოციალური უთანასწორობის პირობებში პიროვნული თავისუფლებისთვის. საუკუნეების სვლასა და სახელმწიფოებრიობის განვითარებას ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოჰქონდა ნამდვილი, რეალური და ლოგიკური ჭეშმარიტება-ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, რომელიც დროდადრო უფრო მეტ კითხვას ბადებდა. მე კი მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში, ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ყველაზე მეტად რისი გაცნობიერება არის ტრაგიკული? სრულყოფილი პასუხის გასაცემად ვირჯინია ვულფი  დამეხმარა, რომელმაც ერთ ესეში „საკუთარი ოთახი“ იმაზე მეტად ღირებულის თქმა შეძლო, ვიდრე ნაპოლეონმა, მუსოლინიმ, არისტოტელემ, მონტესკიემ და ჟან-ჟაკ რუსომ მაშინ, როცა ერთსა თუ სხვადასხვა დროს ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ქალები ბუნების შეცდომაა, ბუნების შეცდომა თუ არა, არასრულფასოვანი მაინც არიანო. და რა თქვა ვირჯინიამ? ერთი მარტივი ჭეშმარიტება, ძნელია, როცა გამუდმებით იმის კეთება გიწევს, რაც არ მოგწონს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ, ქალები ვაკეთებდით იმას, რაც არ მოგვწონდა, ამასთან ერთად, არ გვქონდა უფლება, გვეკეთებინა ის, რასაც, შესაძლებლობა რომ გვქონოდა, მთელ ცხოვრებასაც კი მივუძღვნიდით.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ოთხი კედელი იქცეოდა ჩემთვის ფემინიზმის მანიფესტად, მაგრამ, სწორედ ქალებისთვის ერთ დროს მიუწვდომელი სივრციდან, საკუთარი ოთახიდან, მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც რამდენიმე ასეული წლის წინ დაიწყო და მემატიანე დღესაც  აგრძელებს ამბის თხრობას. გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ სწორედ ქალის ბიოლოგიურმა აგებულებამ მკვეთრი დემარკაციის ხაზი გაავლო ქალსა და კაცს შორის, რამაც განაპირობა გაუმართლებელი ნიშნით, სქესის მიხედვით, სოციალური როლების მინიჭება ადამიანებისთვის. ყველაფერი სამართლიანად როდი წყდება? ძალაუფლების ასიმეტრიულმა განაწილებამ მამაკაცებს უბოძა საშუალება იმისა, რომ „საზოგადო სფეროს“ ურთიერთობებში მთავარი მონაწილენი  და გადაწყვეტილების მიმღებნი თავად ყოფილიყვნენ, ხოლო „კერძო სფეროში“ გამოკეტილი ქალების აქტივობა ოჯახური საქმეების შესრულებით გამოიხატებოდა. მაგრამ ერთ დღესაც ქალთა უმრავლესობამ დასვა ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვა, რა ხდება კარის ზღურბლს იქით? სწორედ ამ დღიდან დაიწყო ნგრევა მყარად ნაშენი და  უსაფუძვლო, დისკრიმინაციული რწმენა-წარმოდგენებისა. მაგრამ ქალებისთვის ყველა ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო აუტანელი ხდებოდა, რადგან მათ უწევდათ ბრძოლა, რათა შესძლებოდათ წერა–კითხვა ,ტრიბუნიდან სიტყვის წარმოთქმა, არჩევნებში ხმის მიცემა. მარტივად ჟღერს ბრძოლა და ოთხი ან თუნდაც ერთი შვილის აღზრდა ერთად?  უკან არ დაიხიეს და, როგორც იტყვიან, თუ გულით გსურს, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში. წინადადება არ დამისრულებია და ვირჯინიას სიტყვებმა შემახსენა, რომ სამყარო სულ ასეთი პირნათელი არ იყო ქალების წინაშე, რადგან, მისი თქმით, იყო დრო, როცა სამყარო ქალს არ ეუბნებოდა, როგორც მამაკაცს: “წერე, თუკი გსურს, ჩემთვის ეს სულერთია. ”სამყარო ქალის წინ ხმამაღლა ხარხარებდა: ,,რა ფასი აქვს შენს წერას?“ მეორე შანსის მიცემაც დასაშვებია, რადგან სამყაროსაც თვალები აეხილა, ბრძოლაში გვერდით დაუდგა ქალს, რათა ეთქვა თავისი სიტყვა იქ ,სადაც, მას სურდა. 

და ზოგჯერ სად გვსურს საკუთარი სიტყვის თქმა ქალებს? პოლიტიკაში. აი, ახლა კი  ნამდვილად დამცინის ნაპოლეონი.

წარმოსახვით დროში, ისტორიაში ხეტიალის დროს პირველივე პუნქტთან მიღწევისთანავე  წავაწყდი, რომ ასე მარტივად, უბრალოდ, ქალს მხარს არ უჭერდნენ, რათა პოლიტიკოსი ყოფილიყო. ,,პირიქით, თუკი ამას შეეცდებოდა, მას ამცირებდნენ, სილას აწნიდნენ და ჭკუას ასწავლიდნენ, იმისთვის ,რომ სტერეოტიპები დაენგრია. “წარმოიდგინეთ ,რამდენჯერ დაუხევია უკან ქალს, მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო იყო, რამდენჯერ უცდია და არ გამოსვლია, რადგან, უბრალოდ, არ მოუსმინეს. გსმენიათ კატო მიქელაძის  შესახებ? უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს ჩემში მისი წრფელი სურვილი მე -19 საუკუნის საქართველოში ქალთა პოლიტიკური მოთხოვნების წინ წამოწევისა. თქვენი აზრით, შემდეგ რა მოხდა? მალევე დარწმუნდა, რომ  სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები მამაკაცების მიერ იყო მონოპოლიზებული .ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის ,რომ კატო არ შეჩერებულა, გააგრძელა ბრძოლა, ჯერ იყო მარტო, მერე ბევრი გახდა...ბოლოს კი იყო 1919 წელი, როცა დამფუძნებელი კრების არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიათა მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიებში კანდიდატად დაახლოებით ოცამდე ქალი დარეგისტრირდა, ხოლო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში ხუთი დეპუტატი ქალი იყო წარმოდგენილი. 

ბევრჯერ მიფიქრია, რამდენად მარტივია, როცა შენგან ინტელექტუალურად არაფრის მოლოდინი არ აქვთ? პირველ რიგში, სწორედ ამის დამტკიცება გვიწევს ქალებს, უპირველესად, საკუთარი თავისთვის და შემდეგ ყველა დანარჩენისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ ორი ერთმნიშვნელოვნად ღირებული რამ, რომ აღვზარდოთ ბავშვი და ჩართული  ვიყოთ სახელმწიფო საქმეში. ხშირად უთქვამთ, ფეხბურთი იმიტომ არის კაცების სპორტი, რომ უკეთესად გამოსდით და ამას უნდა შევეგუოთ, მაგრამ იშვიათად დასვამენ ხოლმე კითხვას, რატომ გამოსდით უკეთ ეს საქმე მათ? წარმატებული სპორტსმენი ვერ გახდები საფუძვლიანი წვრთნის, ფიზიკური დატვირთვის და ვარჯიშის გარეშე. ამის შესაძლებლობა კი, ცხადია ,მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ მაშინ, როცა ქალი მხოლოდ ქსოვას სწავლობდა. დღევანდელ რეალობას რომ მოვარგოთ, არ შეიძლება ვთქვათ, რომ კაცებს უკეთესად შეუძლიათ „პოლიტიკის კეთება“ და მხოლოდ ამის გამო არიან ისინი დაფასებული ზემოაღნიშნულ სფეროში მაშინ, როცა დემოკრატიული ,ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ დიახ, მანამ, სანამ საშუალება არ მიეცემა ქალს პოლიტიკურ არენაზე თავის გამოჩენისა ,ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. გამოდის, რომ ამ რთულ გზაზე ჩვენ გვიწევს დავამტკიცოთ, პირველ რიგში, ჩვენი მზადყოფნა, რომ გსურს სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობა და გვაქვს გონებრივი უნარი და შესაძლებლობები ,ვიყოთ წამყვანი პოლიტიკოსები.

და ბოლოს, მე არ მიცხოვრია მე-20 საუკუნეში, შესაბამისად,  არ მქონდა შესაძლებლობა ნოე ჟორდანიასთვის სხვათა მსგავსად დამესვა კითხვა, თუ რატომ დაივიწყეს ქართველი ქალი, რომელსაც თავისი წარმომადგენელი არ ჰყავს საბჭოში, მაგრამ მე მაქვს შესაძლებლობა, ვთქვა, რომ ქალების გარეშე დემოკრატია ,,დამახინჯებულია“ და თუ ჩვენ გვინდა სამართლიან, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, საკანონმდებლო ორგანოდან უნდა დაიცვან ქალებმა სხვათა უფლებები. მართალია, სწორედ თანასწორობას, გენდერულ თანასწორობას ვაღიარებ წარმომადგენლობითი დემოკრატიის წინაპირობად, მაგრამ იცით პოლიტიკაში ქალის ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა რა არის? ისევ ვულფს რომ დავესესხო, ,,ის, რომ ქალს შეუძლია გვერდით ჩაუაროს ნებისმიერ ულამაზეს შავკანიან ქალს ისე, რომ მისი დამორჩილება და ინგლისელ ლედად გადაქცევა არ მოუნდეს.“

1. მე-18 საუკუნის საფრანგეთის რევოლუციის ქალთა მოძრაობის წევრი, პოლიტიკური მოღვაწე და ფემინისტი.
2. ლიტერატურული მოდერნიზმის მე-20 საუკუნის ინგლისელი წარმომადგენელი, “ფემინური“ რომანების ქალი ავტორი.
3. ქართველი პუბლიცისტი, პოეტი ქალი, რომლის ინიციატივით ჩამოყალიბდა 1917-18 წლებში რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა“, მან გამოსცა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“.
4. მადონა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე-საქართველოს პირველი პარლამენტარი ქალები.