ავტორის შესახებ
გამარჯობა, მე ვარ სალომე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ადამიანთა უფლებების სრულყოფილად შესწავლა ჩემი უმთავრესი მოტივაციაა. ცხადია, გენდერული თანასწორობა ამ მხრივ, ერთ-ერთ რელევანტურ საკითხს წარმოადგენს. ჩემი ბლოგების მეშვეობით მსურს, შთავაგონო საზოგადოება, რომ ისარგებლოს უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოთი. ადამიანური გამოცდილების აღქმით, ჩემი მიზანია, გავაერთიანო ის ნარატივები, რომლებიც ნათელს მოჰფენს სოციუმში გენდერული დინამიკის სირთულეებს. მინდა, დავაფიქრო მკითხველი და წარვმართო დიალოგი მასთან პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად, რათა ამ მოგზაურობაში ქალების გაძლიერება, მათი უფლებების ადვოკატირება და გენდერული სტერეოტიპების დაძლევა საერთო მისწრაფებებად ვაქციო.
გენდერული პოლიტიკა - მითები და რეალობა
თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომელიც მუდმივად ვითარდება, ქალისა და კაცის თანასწორობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მარადიულ გამოწვევად რჩება. ეს უკანასკნელი მოიცავს არა მხოლოდ ქალების გაძლიერებას, არამედ სოციალური ბარიერების მოხსნას, რომლებიც ზღუდავს ინდივიდებს მათი სქესის მიხედვით. გენდერული თანასწორობის გაგება მოითხოვს, ჩავუღრმავდეთ მის ისტორიულ ფესვებს და ვაღიაროთ პროგრესის გადაუდებელი აუცილებლობა. ისტორიის დიდ გობელენში, გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა თავის რთულ გზას საუკუნეები გადიოდა სამართლიანობის მისაღწევად. სუფრაჟისტების მოძრაობებიდან - მერი უოლსტოუნკრაფტის სასტიკ კალმამდე, რომლის სიტყვებმა ცვლილებების ალი აანთო, გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლა ჩვენი კოლექტიური მეხსიერების მატიანეში აღიბეჭდა. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მამაცი ქალები ეწინააღმდეგებოდნენ ნორმებს, ამსხვრევდნენ ბარიერებს და გზას უხსნიდნენ მომავალ თაობებს.
და მაინც, რას გულისხმობს გენდერული თანასწორობა? ის სცილდება უბრალო ტოლერანტობის საზღვრებს და აღიარებს თითოეული ადამიანის თანდაყოლილ ღირებულებასა და პოტენციალს. აღნიშნული გულისხმობს იმ მავნე სტერეოტიპებთან ჭიდილს, რომლებიც ზღუდავს ინდივიდების მისწრაფებებს მათი სქესის მიხედვით და ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც ყველა გენდერს შეუძლია ჰარმონიული თანაარსებობა თავიანთი უნიკალური პერსპექტივებითა და შესაძლებლობებით. როდესაც საქმე გენდერული პოლიტიკის განსაზღვრასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას ეხება, მითები შეიძლება, რამდენიმე პრობლემის სათავედ გარდაიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი შეხედვით უვნებელი ჩანს, ხშირად ამკვიდრებენ სტერეოტიპებსა და მცდარ წარმოდგენებს გენდერული როლების შესახებ და ახალისებენ დისკრიმინაციასა და უთანასწორობას. მაგალითისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გენდერის და სქესის ცნებებს შორის განსხვავებებს ვხედავდეთ? ნებისმიერ საზოგადოებას, რომლის წევრებიც თვლიან, რომ ისინი იდენტური შინაარსისაა, გზა ეხსნება ისეთი მცდარი დასკვნისაკენ, რომ ადამიანი იბადება ან ქალად, ან კაცად, რაც გულისხმობს ასეთი საზოგადოების მხრიდან სხვა გენდერის წარმომადგენლების არსებობის ავტომატურად უარყოფას. რეალურად, იმის აღიარებით, რომ გენდერი სოციალური კონსტრუქციაა და განცალკევებულია ბიოლოგიური სქესისგან, შეგვიძლია, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, ვებრძოლოთ დისკრიმინაციას და შევქმნათ უფრო სამართლიანი საზოგადოება, რომელიც პატივს სცემს ინდივიდების გენდერულ იდენტობას. ეს ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ თანაბარი უფლებები და მივიღოთ ადამიანური გამოცდილების მრავალფეროვნება. ერთ-ერთი მცდარი წარმოდგენის თანახმად, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ნიშნავს ერთი სქესის შესაძლებლობების ან უპირატესობების წართმევას მეორის სასარგებლოდ, ერთი სქესის მეორეთი ჩანაცვლებას. რეალურად, გენდერული თანასწორობა სარგებელს მოუტანს მთლიან საზოგადოებას მრავალფეროვნების, ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალთა საკითხია. სინამდვილეში, გენდერული თანასწორობა მოიცავს ყველა გენდერის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს. ალბათ ასევე გსმენიათ მითი, რომ გენდერული თანასწორობა დასავლური კონცეფციაა. ამ შეხედულების თანახმად, გენდერული თანასწორობა სხვა კულტურებზე დამყარებული დასავლური იდეაა. რეალურად, მისკენ სწრაფვა გლობალური საზრუნავია და ბევრ საზოგადოებას აქვს გენდერული თანასწორობის საკუთარი ისტორიული ტრადიციები. ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია” ჯერ კიდევ XII საუკუნეში დაუწერია ჩვენს რუსთველს. ერთ-ერთი გავრცელებული მითის თანახმად, გენდერული თანასწორობა მხოლოდ კანონმდებლობის მეშვეობით მიიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის არსებობა და მისი დახვეწა აუცილებელია, ის არ არის ერთადერთი გამოსავალი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ამ კუთხით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კულტურული ნორმები, სტერეოტიპები და დამოკიდებულებები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ გენდერული თანასწორობა არის საკითხი, რომელიც ბუნებრივად გაუმჯობესდება თაობათა ცვლის პარალელურად. საქმე ის არის, რომ არსებული პროგრესის მიუხედავად, გენდერული თანასწორობის მიღწევა მოითხოვს მუდმივ ძალისხმევასა და ადვოკატირებას. ქალების ჩართულობა პოლიტიკაში დიდი ხანია რაც მითებისა და სტერეოტიპების საფუძველია, რაც ხშირად აძლიერებს გენდერულ მიკერძოებულობას და აფერხებს მათ წარმატებულ ასპარეზობას. ქალებს არ შეუძლიათ ლიდერობა კრიზისის დროს. მარგარეტ ტეტჩერი, ასევე ცნობილი, როგორც ,,რკინის ლედი”, იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რთულ პერიოდში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრიტანეთის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა კი მიიღო საერთაშორისო აღიარება მისი განსაკუთრებული ლიდერობისათვის კოვიდ პანდემიის დროს. ქალები ნაკლებად აირჩევიან მაღალ თანამდებობრივ პოციზიებზე. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მუშაობდა 16 წლის განმავლობაში, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ლიდერად აქცევს. კამალა ჰარისმა კი ისტორია დაწერა, როგორც შეერთებული შტატების პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა. ქალები არ არიან კვალიფიციურნი მაღალი პოლიტიკური როლებისთვის. ჰილარი კლინტონს ეკავა სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობა, მათ შორის იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ბოლოს, გამორჩეული ლიდერი ქალების ჩამონათვალს ვერ დავასრულებთ იმ ქართველი ქალის გარეშე, რომელიც ისტორიაში თამარ მეფედ ჩაიწერა და არა დედოფლად, ხოლო მის მმართველობის ხანას კი ,,ოქროს ხანა” ეწოდა.
გენდერული დინამიკის რთულ ლანდშაფტში მითებს შეუძლიათ, დაბრკოლებად იქცნენ, რაც თანასწორობისაკენ მიმავალი გზისკენ ხელისშემშლელი ფაქტორია. რეალობა ის არის, რომ ეს მითები ხშირად ემყარება მოძველებულ რწმენას და სტერეოტიპებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის აღიარებას, რომ ყველა გენდერის ინდივიდს აქვს პოტენციალი, გამოირჩეოდეს მრავალფეროვანი როლებით, მრავალფეროვან სფეროებში. ამ და სხვა გავრცელებული მითების დანგრევით და ინკლუზიური გარემოს გაძლიერებით, ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ საზოგადოება, სადაც გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ მიზანი, არამედ რეალობაა.
და თქვენ რომელი გავრცელებული მითების შესახებ გსმენიათ?
ერთად აღმოვაჩინოთ სიმართლე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Suffrage: Women's Long Battle for the Vote" by Ellen Carol DuBois.
- Mary Wollstonecraft (Stanford Encyclopedia of Philosophy)
- შოთა რუსთაველი - ბიოგრაფიული ლექსიკონი (nplg.gov.ge)
- The Iron Lady: Margaret Thatcher: Grocer's Daughter to Iron Lady By John Campbe
- A lookback on Angela Merkel’s 16 years as the German Chancellor - Indian Council of World Affairs (Government of India) (icwa.in)
სუფრაჟისტები - ქალთა ბურჟუაზიული მოძრაობის მონაწილენი, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებას. მოძრაობამ იმპულსი მოიპოვა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, რამაც განაპირობა მნიშვნელოვანი პროგრესი ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვების თვალსაზრისით ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში.
მერი უოლსტოუნკრაფტი - მერი უოლსტონკარფტი (1759-1797) იყო ინგლისელი მწერალი, ესეისტი და ფილოსოფოსი, ერთ-ერთი პირველი ევროპელი მოაზროვნე, რომელმაც თავისი შემოქმედებით საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოაქცია ქალთა უფლებებისა და სქესთა თანასწორობის პრობლემები. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი, „ქალის უფლებების დაცვა“ (1792), ფემინისტური აზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლასიკური ტექსტია.
რუსთველი - იგულისხმება შოთა რუსთაველი, მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა "ვეფხისტყაოსანი".